კახეთი და სიყვარულის ქალაქი

კახეთს ხშირად საქართველოს გულს უწოდებენ ხოლმე. ის საქართველოს აღმოსავლეთს ამშვენებს და აერთიანებს ყველაფერ იმას, რაც ასე ქართულია - ვაზის მრავალსაუკუნოვან კულტურას, ჰექტრებზე გაშენებულ ვენახებს, დიდებულ პოლიფონიას, შთამბეჭდავ ხუროთმოძღვრებასა და უგემრიელეს კერძებს. აქაურ სუფრაზე მოხვედრა ერთი სიამოვნებაა, აქ გაიგონებთ მრავალჟამიერს, ჩაკრულოს, გასინჯავთ ხაშმს, მუკუზანს, ქინძმარაულს… დააგემოვნებთ ჩაქაფულს, მწვადსა და სხვა ადგილობრივ კერძებს. კახეთი შეუდარებლად ლამაზი მხარეა. ჩრდილოეთიდან ალაზნის ველს თავს დაჰყურებს კავკასიონი. სწორედ ამ ველზე მოდის ის მოსავალი, რომლისგანაც ცნობილი კახური ღვინო მზადდება.

ამ ველის შუაგულში, “ალაზნის ჭალიდანაა ამოვარდნილი ალავერდი”, საკათედრო ტაძარი 50 მეტრზეა აზიდული და მისი გუმბათი ცივ-გომბორს გასცქერის. აქაური ღვინით ეგზალტირებულს, ეს სანახაობა ორმაგად მოგნუსხავთ და დაგატყვევებთ, თქვენ აქაურობის ნაწილი გახდებით, როგორც გურამ რჩეულიშვილის “ალავერდობის” მთავარი გმირი - “ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია…”

მარშრუტი სიღნაღის მიმართულებით გრძელდება. სახელი თურქული წარმოშობისაა და “თავშესაფარს” ნიშნავს, თუმცა ისე მოხდა, რომ ქალაქმა ახალი არსი შეიძინა და “შეყვარებულთა თავშესაფრად” იქცა - სიღნაღს, ხშირად, სიყვარულის ქალაქს ეძახიან ხოლმე. ქალაქს პირვანდელი სახე შენარჩუნებული აქვს, ერეკლე მეორის ნაშენი ციხე-გალავნები, ოდესღაც მტრებისგან რომ იცავდა სამეფო ქალაქს, ახლა მნახველებს ანცვიფრებს და დაუვიწყარ ატმოსფეროს უქმნის მათ.

სიღნაღიდან არც ისე შორს ბოდბის მონასტერია, რომელიც საქრისტიანოსთვის გამორჩეული ადგილია - აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო. ამ მონასტერს ყველა მეფე თავს ევლებოდა, მეტიც, იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმაც კი მხოლოდ ის დატოვეს აუოხრებლად. ბოდბის მონასტერი საგანმანათლებლო ცენტრიც იყო, მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული აქ არსებობდა სემინარია. დროთა განმავლობაში უბედობებიც გამოიარა, თუმცა 1991 წელს კვლავ აღდგა და დღეისობით, თითქმის პირვალდელ სახეს დაუბრუნდა. წმინდა ნინოს საფლავთან ერთად, მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. თქმულების თანახმად, ხატს, კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში, რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ. ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა - ამ და სხვა სასწაულებით კი თავი შეინარჩუნა.

შემდეგი გაჩერება კახეთის მთავარი ქალაქი თელავია. არჩილ მეორის მეფობისას, როცა რეზიდენცია გრემლიდან აქ გადმოვიდა, ქალაქი სამწიგნობრო ცენტრად იქცა. ქალაქს ალაზანი და ცივ-გომბორი ამშვენებს, რომლებიც მომსწრენი არიან აქაური კულტურული ძვრების. უმთავრესი, მათ შორის იყალთოს აკადემიის შექმნაა, დაარსებული არსენ იყალთოელის მიერ. ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო კერა, სადაც ითარგმნებოდა და იწერებოდა მრავალი მნიშვნელოვანი ტექსტი. სწორედ აქ მიუღია პირველი განათლება ბიზანტიაში წასვლამდე შოთა რუსთაველს, “ვეფხისტყაოსნის” ავტორს.

თელავში სანახავი ბევრია: წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, თვრამეტ ჰექტარზე გაშენებული ევროპული ტიპის დეკორატიული ბაღი, რომლისთვისაც ალექსანდრეს ევროპელი არქიტექტორები ჩამოუყვანია და ბაღი, მრავალი ქვეყნის ეგზოტიკური ფლორით გაუწყობია. აქაა სიყვარულის ხეივანიც - თუ წყვილი ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული სამარადისო იქნება.

გამორჩეული ქართველი მეფის, ერეკლეს სასახლეც, სწორედ თელავში შეგიძლიათ ინახულოთ, “ბატონის ციხე” უწინ რეზიდენციას წარმოადგენდა, დღეს კი მთლიან კომპლექსთან ერთად, თელავის ისტორიული მუზეუმის ნაწილია, რომელიც ყველა სტუმარს დააინტერესებს.

კახეთის გარეშე შეუძლებელია საქართველოს აღმოჩენა. აქ უნდა დატკბეთ ბუნებისა და კაცის ნაგები ხუროთმოძღვრებით და ამავდროულად გაითავისოთ ატმოსფერო, რომელიც აქ ტრიალებს. შეიგრძნოთ აქაურობა მთელი სისავსით და შემდეგ გადახედოთ ნოყიერ ალაზნის ველს. თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!

თბილისი > სიღნაღი > თელავი > თბილისი

შეავსეთ ველი
tune

აირჩიეთ ადგილი

სხვა საინტერესო ტურები თქვენთვის

მოწოდების მისამართი

ამ მისამართზე მომაწოდეთ ავტომობილი