მოგზაურობა მცხეთის მიმართულებით
თბილისი - ჯვარი - მცხეთა - თბილისი
ხანმოკლე, მაგრამ სანახაობრივად დატვირთული მოგზაურობა თბილისიდან დაიწყება. თქვენ გაეშურებით აღმოსავლეთით, სადაც გელოდებათ ქალაქი მცხეთა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნიდან, იბერიის პოლიტიკური ცენტრი, ხოლო შემდგომში საქრისტიანოსთვის განსაკუთრებული ადგილი იყო - სწორედ აქ იქადაგა იერუსალიმიდან მოსულმა მისიონერმა, წმინდა ნინომ ქრისტიანობა.
ქალაქი გაგაოცებთ იმით, თუ რაოდენ დიდ და მრავალფეროვან ისტორიას ინახავს თავის საზღვრებში. როგორც კი ქალაქს მიუახლოვდებით, თქვენ დაინახავთ მთის ქიმზე ამოზრდილ ჯვრის მონასტერს, რომელიც თავის მხრივ, მტკვრისა და არაგვის შესართავს ამაყად დაჰყურებს. თავდაპირველად ამ ადგილას, მირიანის - პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის აღმართული ხის ჯვარი იყო, რომელიც შემდგომში გუარამის აგებულმა “მცირე ჯვარმა” დაამშვენა, შემდგომ კი ამ უკანასკნელს, ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ზედ გადაახურა, დღევანდელი ჯვრის მონასტერი.
მონასტრის სამხრეთით ვიწრო ბილიკი ჩადის, რომელიც წმინდა ნინოს წყარომდე მიგიყვანთ.
მეორე, დიდი მნიშვნელობის ტაძარი სვეტიცხოველია, რომელიც საქართველოს “დედა-ტაძარია”, ესაა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა აღსაყდრების ტაძარი, ერთ-ერთი უმთავრესი ოთხ დიდ კათედრალთაგან. ამ ტაძარმა ჯვარსავით დიდი გზა განვლო, უპირველესად მეფე მირიანის აგებული პირველი მცირე ეკლესია ვერ შემოგვრჩა, ამიტომაც ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა აქ ახალი ტაძარი ააგო, რისთვისაც არსუკისძე მიუწვევია. სწორედ ამ დიდებულ ისტორიას ეხმიანება და აღწერს ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას რომანი “დიდოსტატის მარჯვენა”. დღეისობით მონუმენტური საკათედრო ტაძარი უამრავ მნახველს აცვიფრებს, გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით, სიდიადითა თუ მისი “ხვლიკისფერი” შეფერილობით.
ღირს ყური დავუგდოთ კონსტანტინე გამსახურდიას და აუცილებლად ინახულოთ ქართული ხუროთმოძღვრების ეს დიდებული ნიმუში: "ხელოვნებაა თავათ უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი".
აქვე ახლოსაა სამთავროს დედათა მონასტერი, რომელშიც განისვენებენ მირიანი და დედოფალი ნანა.
ქალაქი და რეგიონი მრავალმხრივ საინტერესოა, არაერთგვაროვანი ბუნება, ისტორიული ძეგლების სიმრავლე და ქართული გასტრონომია ყველანაირი სტუმრის გულს მოიგებს.